დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონით
დაწესებული რეგულაციების ამონარიდი და საპენსიო სააგენტოს სტრუქტურა და მართვის წესი
- დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალის შემთხვევაში − 55 წელი).
- დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრება ნებაყოფლობითია ყველა დასაქმებულისთვის, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალის შემთხვევაში − 55 წელი), ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში, და თვითდასაქმებულისთვის, თვითდასაქმებულის შემოსავლის ნაწილში.
- დასაქმებული, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 40 წელი და რომელსაც არ სურს იყოს მონაწილე, უფლებამოსილია გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან.
- დასაქმებული, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალის შემთხვევაში − 55 წელი), ხდება მონაწილე ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ მის მიერ პირველი ხელფასის მიღებისთანავე.
- დასაქმებულს უფლება აქვს, უარი თქვას დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის შესაბამისად. დასაქმებულს, რომელიც უარს განაცხადებს დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე, შეუძლია ნებისმიერ დროს ხელახლა გაწევრდეს დაგროვებით საპენსიო სქემაში. დასაქმებულის ხელახლა გაწევრებისას დასაქმებულის, დამსაქმებლის და სახელმწიფოს საპენსიო შენატანების განხორციელება დაიწყება დასაქმებულის გაწევრების შემდეგ მისთვის პირველი ხელფასის გადახდისთანავე.
- საპენსიო შენატანები აისახება მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე, რომლის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია დისტანციური ელექტრონული წვდომით. ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის ღირებულება გამოითვლება და მონაწილისთვის მის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება არანაკლებ კვარტალში ერთხელ.
- საპენსიო აქტივები, რომლებიც აისახება მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, მონაწილის საკუთრებაა. აღნიშნული საკუთრების განკარგვის უფლება წარმოიშობა მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევისას ან ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. არ შეიძლება მონაწილის საპენსიო აქტივებზე მისი ქონებრივი უფლებები დაგირავდეს, უფლებრივად დაიტვირთოს, მათზე საკუთრების უფლება მესამე პირს გადაეცეს ან ისინი სხვაგვარად გასხვისდეს მონაწილის მიმართ არსებული რაიმე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან უზრუნველსაყოფად. მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივები არ ექვემდებარება აღსრულებას, ვერ იქნება შეტანილი მონაწილის ან საპენსიო სააგენტოს გაკოტრების მასაში და მათზე არ იმოქმედებს რაიმე სახის ანგარიშსწორების პროცედურა.
- მონაწილე დასაქმებულისა და მონაწილე თვითდასაქმებულის საპენსიო შენატანების დაფინანსებას ახორციელებენ დამსაქმებელი, დასაქმებული და სახელმწიფო ამ კანონით განსაზღვრული ოდენობითა და წესით. მონაწილე დასაქმებულის საპენსიო შენატანების დაფინანსება ხორციელდება შემდეგნაირად:
- დამსაქმებელი ხელფასის გაცემისას მონაწილე დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით ახორციელებს საპენსიო შენატანს დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით;
- დამსაქმებელი მონაწილე დასაქმებულის სახელით, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით ახორციელებს საპენსიო შენატანს დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით;
- მონაწილე თვითდასაქმებული ახორციელებს საპენსიო შენატანს თავისი წლიური შემოსავლის 4 პროცენტის ოდენობით;
- სახელმწიფო მონაწილის სასარგებლოდ, მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხავს 2 პროცენტს დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის იმ მოცულობაზე, რომელიც ჯამურად არ აღემატება მონაწილის მიერ წლიური ხელფასის სახით ან/და თვითდასაქმებულის მიერ შემოსავლის სახით მიღებულ 24 000 ლარს, ან 1 პროცენტს, თუ მონაწილის მიერ ხელფასის სახით ან/და თვითდასაქმებულის მიერ შემოსავლის სახით მიღებული თანხა 24 000 ლარიდან 60 000 ლარამდეა.
- სახელმწიფო საპენსიო შენატანს მას შემდეგ განახორციელებს, რაც საპენსიო სააგენტოს შეტყობინებით დადასტურდება, რომ მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აისახულია საპენსიო შენატანები (შენატანი).
- სახელმწიფო არ განახორციელებს საპენსიო შენატანს დასაქმებულის დასაბეგრი წლიური ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის იმ მოცულობაზე, რომელიც აღემატება 60 000 ლარს.
- საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მონაწილე უფლებამოსილია მიიღოს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულება ერთიანი გადახდით ან პროგრამული გატანით.
- მონაწილე უფლებამოსილია მიიღოს საპენსიო აქტივების ღირებულების სრული მოცულობა მისი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან, თუ მან საპენსიო ასაკს მიაღწია საპენსიო შენატანების განხორციელების დაწყების თარიღიდან არაუგვიანეს 5 წლისა. მონაწილე მიიღებს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი თანხის მთლიან მოცულობას მას შემდეგ, რაც იგი ამ მუხლით დადგენილი წესით შეატყობინებს საპენსიო სააგენტოს საპენსიო აქტივების მიღების სურვილის ქონის თაობაზე. ამასთან საპენსიო სააგენტო ადგენს მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების მინიმალურ ზღვარს, რომლის ფარგლებშიც მონაწილე უფლებამოსილია მიიღოს პენსია ერთიანი გადახდით.
- პროგრამული გატანით გასაცემი თანხის ოდენობა გადაანგარიშდება ყოველწლიურად, მონაწილის ასაკის შეცვლის თვეში.
- მონაწილე უფლებამოსილია გადაავადოს პენსიაზე გასვლის თარიღი და მოითხოვოს პენსიის მიღება საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ ნებისმიერ დროს. თუ მონაწილე გადაწყვეტს, პენსიაზე გავიდეს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, მას შეუძლია განცხადების საფუძველზე შეწყვიტოს ხელფასიდან საპენსიო შენატანების განხორციელება. არ შეიძლება მონაწილემ გააგრძელოს საპენსიო შენატანების განხორციელება პენსიის მიღების დაწყების შემდეგ.
- მონაწილე უფლებამოსილია შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსია მიიღოს საპენსიო ასაკის მიღწევამდე, თუ მას მიენიჭება სათანადო სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
- თუ მონაწილე გარდაიცვალა, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი თანხა გადაეცემა მის მემკვიდრეს (მემკვიდრეებს). საპენსიო აქტივების გადაცემა შეიძლება ერთიანი გადახდით ან საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანით, მემკვიდრის არჩევანის შესაბამისად. მონაწილის მემკვიდრის მიერ ერთიანი გადახდის არჩევის შემთხვევაში მისთვის გადასაცემი თანხა დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საპენსიო სააგენტო (სტრუქტურა და მართვა)
- საპენსიო სააგენტო არის კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებისათვის, მართვისა და ადმინისტრირებისათვის. სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის რეგულირებას და საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი. საპენსიო სააგენტო ვალდებულია ყოველწლიურად, კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 თვისა, საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს საპენსიო სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის წლიური ანგარიში.
- საპენსიო სააგენტოს საქმიანობაზე ზედამხედველობას, გარდა საინვესტიციო საქმიანობისა ახორციელებს სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება 4 წევრისგან: საქართველოს ფინანსთა მინისტრისაგან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისაგან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისაგან და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარისაგან. სამეთვალყურეო საბჭო თავის წევრთაგან 2 წლის ვადით ირჩევს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს. საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
- სამეთვალყურეო საბჭო კონკურსის წესით არჩევს და თანამდებობაზე ნიშნავს, აგრეთვე თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო სააგენტოს დირექტორს, რომელიც ხელმძღვანელობს საპენსიო სააგენტოს საქმიანობას. საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობაზე ინიშნება 5 წლის ვადით.
- საპენსიო სააგენტოში იქმნება შიდა აუდიტის სამსახური, რომელიც ანგარიშვალდებულია მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი.
- საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილია დადგენილი კრიტერიუმებისა და პროცედურების დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება საპენსიო აქტივების მმართველი კომპანიისთვის სამართავად გადაცემის შესახებ. საინვესტიციო საბჭო შედგება 5 წევრისგან და მათ 5 წლის ვადით თანამდებობაზე ირჩევს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საინვესტიციო საბჭო თავის წევრთაგან სრული შემადგენლობის უმრავლესობით, უფლებამოსილების ვადით ირჩევს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარეს. საინვესტიციო საბჭოს წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს კეთილსინდისიერი პირი, რომელსაც აქვს ფინანსურ სექტორში ფინანსების, ინვესტიციების, ეკონომიკის, რისკების მართვის ან აქტუალური მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 10 წლის პროფესიული გამოცდილება. საინვესტიციო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს:
- იმავდროულად შესარჩევი კომისიის წევრის, საპენსიო სააგენტოს დირექტორის, საქართველოს მთავრობის წევრის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე რიგის მემკვიდრე ან შესარჩევი კომისიის წევრთან, საპენსიო სააგენტოს დირექტორთან, საქართველოს მთავრობის წევრთან აფილირებული პირი, ან აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების), სპეციალიზებული დეპოზიტარის ან საპენსიო სააგენტოსთვის სხვა მომსახურების გამწევი ნებისმიერი პირის ხელმძღვანელი ან დაქირავებული პირი, ან აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების), სპეციალიზებული დეპოზიტარის ან საპენსიო სააგენტოსთვის სხვა მომსახურების გამწევი ნებისმიერი პირის წილობრივი მონაწილეობის ბენეფიციარი მესაკუთრე, ან აქტივების მმართველ კომპანიასთან (კომპანიებთან), სპეციალიზებულ დეპოზიტართან ან საპენსიო სააგენტოსთვის სხვა მომსახურების გამწევ ნებისმიერ პირთან აფილირებული პირი;
- ნასამართლევი პირი ან პირი, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოში გამოცხადდა გაკოტრებულად ან ფინანსური ინსტიტუტის მართვისთვის შეუფერებლად.
- შესარჩევი კომისია გამჭვირვალე პროცედურების გამოყენებით შეარჩევს საინვესტიციო საბჭოს წევრთა კანდიდატურებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.
- შესარჩევი კომისია შედგება 7 წევრისგან: საქართველოს ფინანსთა მინისტრისაგან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისაგან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისაგან, საქართველოს პარლამენტის სამი წევრისაგან და ერთი დამოუკიდებელი წევრისაგან, რომელსაც წარადგენს ეროვნული ბანკი.
- შესარჩევი კომისიის წევრ საქართველოს პარლამენტის 3 წევრს წარადგენს საქართველოს პარლამენტი.
- - დამოუკიდებელი წევრი არ შეიძლება იყოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. დამოუკიდებელ წევრს უნდა ჰქონდეს ფინანსურ სექტორში მუშაობის არანაკლებ 10 წლის პროფესიული გამოცდილება, მათ შორის, ფინანსების, ინვესტიციების ან/და რისკების მართვის მიმართულებით ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.
- აქტივების მმართველი კომპანია არის ეროვნული ბანკის ან სხვა სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული და ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული ნდობითი ვალდებულების მქონე იურიდიული პირი , რომელიც ახორციელებს საპენსიო აქტივების მართვას აქტივების მართვის ხელშეკრულების საფუძველზე, ან იმ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აქტივების მართვის მიზნით ან/და საინვესტიციო რჩევების გაცემის მიზნით შექმნილი ან დაფუძნებული პირი, რომლის წევრი სახელმწიფო არის საქართველო და რომელიც ცალკეული ქვეყნების შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებას არ ექვემდებარება.
- საინვესტიციო საბჭო ან/და აქტივების მმართველი კომპანია უფლებამოსილია საკუთარი ნდობითი ვალდებულების შესრულების ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება საპენსიო აქტივების ღია საფონდო ინსტრუმენტში ინვესტირების შესახებ. ღია საფონდო ინსტრუმენტი წარმოადგენს ინვესტიციას ისეთი პირის ან ინსტრუმენტის მეშვეობით, რომელიც ორგანიზებულია და მოქმედებს, როგორც საინვესტიციო კომპანია, სხვა სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ან როგორც საინვესტიციო ფონდი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, და უფლებამოსილია გამოუშვას საკუთარი წილობრივი მონაწილეობის (დანაწევრებული ან მთლიანი) შეუზღუდავი რაოდენობის ერთეული (პაი) ან წილობრივი ფასიანი ქაღალდი, რომელიც არის წილობრივი მონაწილეობის პროპორციული საკუთრება ასეთ კომპანიაში ან ფონდში. ღია საფონდო ინსტრუმენტი მოიცავს აგრეთვე ღია საპაიო ფონდს, საინვესტიციო ფონდს, სხვა სახელმწიფოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საინვესტიციო ინსტრუმენტებს, რომლებიც აგრეგირების საფუძველზე ოპერირებენ. ეროვნული ბანკი ადგენს მინიმალურ დასაშვებ საკრედიტო რეიტინგს ღია საფონდო ინსტრუმენტისთვის. ღია საფონდო ინსტრუმენტში განხორციელებული ინვესტიცია ყოველი საანგარიშგებო წლის ბოლოს საპენსიო აქტივების 40 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.