ადვოკატი ნანა გოჩელაშვილი
მე და ჩემი კოლეგა გია ფოლადიშვილი ვიცავდით ნიკოლოზ ბასილაშვილის ინტერესებს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე. მე ასევე ვიცავდი ნიკას მშობლების, ქალბატონი ნატალიას და ბატონი ნოდარის ინტერესებსაც. შესაბამისად, ბევრი ფაქტია ჩვენთვის ცნობილი, თუმცა, სოციალურ ქსელებით და მედია საშუალებებით ვრცელდება ცალმხრივი და ბევრი არასწორი ინფორმაცია. მე რასაც აქ ვწერ, თითოეული ფაქტის უკან დგას მხოლოდ დოკუმენტი (სასამართლოს გადაწყვეტილებები, განჩინებები და სხვა).
1. პირველ რიგიში დავიწყებ ქალბატონი ბაია პატარაიას მიერ სოციალური ქსელით გავრცელებული პოსტიდან, სადაც იგი ნიკოლოზ ბასილაშვილს მოიხსენიებს, როგორც მატყუარას და აღნიშნავს: „ ...რა მატყუარაა ეს ბიჭი. ნელი ენჯეოებთან მაშინ მივიდა, როცა ყველაფერი გაბაზრდა და შემაკავებლები ამოიწერა...“ ეს არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ნიკას ყოფილმა მეუღლემ, ქალბატონმა ნელი დოროყაშვილმა ერთ-ერთ ე.წ. „ენჯეოს“ ანუ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს მიაკითხა გაცილებით ადრე, რისი წერილობითი მტკიცებულებაც არსებობს. პირველი ნიკას დედა, ქალბატონი ნატალია ნაჭყეპია აღმოჩნდა მსხვერპლი, მას ქ-ნმა ნელიმ დააბრალა შვილიშვილზე (ლუკასზე) ძალადობა და ამიტომ 2020 წლის 19 თებერვალს მის მიმართ პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებას უსაფუძვლოდ გააცემინა შემაკავებელი ორდერი, რომელიც გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს მიერ 2020 წ. 20 მარტს. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა ქალბატონი ნელის დამცველად ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან (სახელწოდებას შეგნებულად არ ვასახელებ) ორი ადვოკატი, რომლებთანაც ქ-ნი ნელი ურთიერთობდა. ისინი სასამართლოს სხდომაზე ბავშვის ინტერესების დამცველადაც მოგვევლინენ. როგორც ზევით აღვნიშნე, შემაკავებელი ორდერი ქ-ნი ნატალიას მიმართ გაუქმდა, რადგან არ დადასტურდა მისი მხრიდან შვილიშვილისადმი ძალადობის ფაქტი.
აღნიშნული შემაკავებელი ორდერის გამოცემას ნიკოლოზი და მისი მშობლები ნამდვილად არ ელოდნენ, რადგან 2020 წლის 4 თებერვლიდან 17 თებერვლამდემორიგებით დავასრულეთ რამდენიმე სამოქალაქო დავა, მაშთ შორის, ნიკოლოზის მშობლების დავაშვილიშვილთან ურთიერთობის დღეების განსაზღვრასთან დაკავშირებით.2020 წ. 17 თებერვალის სასამართლოს განჩინებითდამტკიცდა მორიგების აქტი, ქალბატონ ნატალიას და ბატონ ნოდარს (ბებიას და პაპას)განესაზღვრა შვილიშვილთან ურთიერთობის დღეები ყოველი კვირის ხუთშაბათს და შაბათს.მათ 20 თებერვალს უნდა ჰქონოდათ შეხვედრა შვილიშვილთან. ისინი განსაკუთრებით ემზადებოდნენ შეხვედრისთვის, უხაროდათ და მოუთმენლად ელოდებოდნენ ამ დღის დადგომას, რაც, რა თქმა უნდა, ვერ შედგაზემოთ აღნიშნული შემაკავებელი ორდერის გამოცემის გამო. უნდა აღინიშნოს, რომ ისინი შვილიშვილთან დღემდე ვერ ურთიერთობენ, რადგან შეუძლებელია შვილიშვილთან ურთიერთობა მორიგი შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და ძალადობაში დადანაშაულების შიშით, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც ნიკას მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
2. რატომღაც სოციალურ ქსელებსა და მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სარჩელი პირველად ნიკოლოზმა შეიტანა სასამართლოში ყოფილი მეუღლის მიმართ. ეს არ არის სწორი. ჯერ კიდევ ნიკოლოზთან ქორწინებაში მყოფმა ნელი დოროყაშვილმა, 2019 წლის ივლისში, ქონებრივი დავა წამოიწყო ქმრისა და მისი მშობლების წინააღმდეგ. აღნიშნული სარჩელის შეტანის შემდეგ გაჩნდა მეორე პრობლემაც, ნიკოლოზს ხელი ეშლებოდა შვილთან ურთიერთობაში, რადგან ქ-ნი ნელი ხელს უშლიდა მამა-შვილის ურთიერთობას. ჩვენ შევიტანეთ სარჩელი ნიკოლოზსა და მის მეუღლეს შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტისა და ბავშვთან ურთიერთობის დღეების განსაზღვრის მოთხოვნით. სხვათა შორის, სარჩელი არ ცნო ქალბატონმა ნელიმ ქორწინების შეწყვეტის - ნიკოლოზთან განქორწინების ნაწილშიც კი (ეს მითითებულია მის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ შესაგებელში და ასევე, არსებობს სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერიც). ვიდრე ორივე დავა მორიგებით დასრულდებოდა 2020 წ. 06 თებერვალს, სასამართლოს 19.10.2019 წ. გამოცემული ჰქონდა დროებითი განკარგულება და ამ განკარგულების საფუძვეზე მიეცა ნიკოლოზს შვილთან ურთიერთობის შესაძლებლობა.
ნიკა იმდენად მონდომებული იყო დაესრულებინა დავები მორიგებით და მისი შვილის დედასთან ჰქონოდა ნორმალური და შვილის ინტერესზე მორგებული ურთიერთობა, რომ დამატებით, 2020 წ. 4 თებერვალს გავაფორმეთ სანოტარო მედიაციაც კი, ყველა იმ საკითხზე, რაც პატარა ლუკასის ინტერესებს იყო მორგებული.
3. შემდეგ იყო ნიკოლოზ ბასილაშვილის მთელი ოჯახის მიმართ შემაკავებელი ორდერების გამოცემა, პარალელურად ნიკას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა, თუმცა ამ შემთხვევაშიც 08.08.2020 წ. გადაწყვეტილებაში სასამართლომ აღნიშნა, რომ ორივე მხარეს შორის ურთიერთობა იყო გამწვავებული და „ იმ პირობებში როდესაც ემოციური ფონი მომატებულია, კონფლიქტი ამოწურული არ არის, ასევე, ბავშთან - ლუკას ბასილაშვილთან ფსიქოლოგების მუშაობა დასრულებული არ არის, დასაბუთებულია ვარაუდი იმისა, რომ შემაკავებელი ღონიძიების გარეშე, მათ შორის კვლავ გამწვავდეს კონფლიქტური მდგომარეობა“ (ციტატა სასამართლოს გადაწყვეტილებიდან). ამდენად, სასამართლომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე დატოვა შემაკავებელი ორდერი ძალაში. სასამართლოს არ უთქვამს, რომ მხოლოდ ბასილაშვილების ოჯახს ჰქონდა პრობლემა ქ-ნ ნელი დოროყაშვილთან ურთიერთობაში, სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს პრობლემა იყო ორმხრივი.
და ბოლოს,შეუძლებელია არ აღვნიშნო ჩემი პირველი შთაბეჭდილება ნიკაზე, რომელიც დღემდე მაქვს და არ შეცვლილა. ნიკა არის ძალიან მოკრძალებული, შრომისმოყვარე, თბილი, ჰუმანური და მისაბაძი ადამიანი, მშობლებისთვის კარგი შვილი, შვილისთვის კარგი მამა (თუმცა ამ ეტაპზე პატივსადები მიზეზის გამო ვერ ურთიერთობს შვილთან), ძმისთვის კარგი ძმა და ქვეყნისთვის საამაყო ქართველი. იგი არ არის მოძალადე და ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, თუმცა, ამ საკითხზე საუბარზე თავს შევიკავებ, რადგან მას სისხლის სამართლის საქმეზე იცავენ ჩემი სხვა წარმატებული კოლეგები, ამასთან, საქმის განხილვა არ არის დამთავრებული, არ მინდა გავაჟღერო ფაქტები, რომელიც ჩემთვის ცნობილია და მაშინ მოხდა, როცა მე და გია ფოლადიშვილი ვაწარმოებდით ნიკოლოზის სამოქალაქო საქმეებს.